Economist: დასავლელი ჩინოვნიკების აზრით უკრაინის ომი კიდევ 5 წელი გაგრძელდება
დასავლელ ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ომი კიდევ 5 წელი გაგრძელდება - რუსეთი არ აპირებს ომის შეწყვეტას, ხოლო უკრაინას არ შეუძლია ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანოს.
ამის შესახებ The Economist-ის მიერ მომზადებულ ვრცელ ანალიტიკურ მასალაშია საუბარი.
სტატიაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ანალიზს ეხება ნათქვამია, რომ უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს რამდენი საბრძოლო მასალა იხარჯება სახელმწიფოებს შორის მიმდინარე დიდ ომებში. ამ ფონზე გამოჩნდა, თუ რამდენად მწირია დასავლეთის საბრძოლო არსენალები და მათი შევსების სიმძლავრეები.
"ამერიკის შეერთებული შტატები დრამატულად ზრდის 155 მილიმეტრიანი ჭურვების წარმოებას და მიუხედავად ამისა, აშშ-ს გაზრდილი წარმოების მოცულობა 2025 წელს მაინც უფრო ნაკლები იქნება ვიდრე რუსეთის 2024 წელს."
მასალა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს "ახალ მსოფლიო უწესრიგობად" ახასიათებს ნათქვამია, რომ გასული კრიზისული მომენტებისგან განსხვავებით ამჯერად აშშ-სა და დასავლელი პარტნიორებისთვის კრიზისებში ჩარევის ფასი უფრო მაღალია, ხოლო რესურსები შეზღუდული.
"მოწინააღმდეგეები, ჩინეთი და რუსეთი სულ უფრო თავდაჯერებულად იქცევიან და ერთმანეთს უახლოვდებიან. ასევე არიან ე.წ. მიუმხრობელი ქვეყნები, მათ შორის ინდოეთი და თურქეთი - მათი გავლენა იზრდება და ამ ქვეყნებში ფიქრობენ, რომ ახალი, მათთვის უფრო ხელსაყრელი მსოფლიო წესრიგი იბადება."
სტატიის ავტორების აზრით, რუსეთ-უკრაინისა და ღაზაში მიმდინარე ომები სხვადასხვა ტიპის ომებია და შესაბამისად ძირითადად განსხვავებული შეიარაღება არის საჭირო, თუმცა არის დამთხვევებიც.
ასეთი გადაკვეთის მაგალითს საარტილერიო ჭურვები წარმოადგენს - გასულ წელს აშშ-მ უკრაინისთვის საჭირო ჭურვების ნაწილი ისრაელში განთავსებული არსენალებიდანაც გაგზავნა. ჰამასის თავდასხმის შემდეგ ვითარება შეიცვალა - ამჯერად უკრაინისთვის განკუთვნილი ჭურვები ისრაელში წავიდა.
"ორივე ქვეყანა იყენებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამ სისტემებს ფლობენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მოკავშირე სხვა სახელმწიფოებიც". - სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ყველა მოკავშირის საჭიროებების უზრუნველყოფა წარმოების მკვეთრი ზრდის გარეშე რთული იქნება.
"ამ მომენტისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ორივე მეგობარი სახელმწიფოს საჭიროებების უზრუნველყოფა, თუმცა დროთა განმავლობაში გადაკვეთები შეიარაღებაში გაიზრდება და საჭირო იქნება კომპრომისები".