Единая Россия: უმჯობესია რეფერენდუმები უკრაინაში 4 ნოემბრამდე გადავიტანოთ

რუსეთის მმართველი პარტიის Единая Россия-ს გენერალური საბჭოს მდივანი, ანდრეი ტურჩაკი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმების თარიღის 2 თვით გადატანის ინიციატივით გამოდის. 

"სიმბოლური და სწორი იქნება, თუ დონბასის რესპუბლიკებისა და გათავისუფლებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმებს 4 ნოემბერს, რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღეს ჩავატარებთ",- განაცხადა ტურჩაკმა. 

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, ის ადგილზე ხვდება ადამიანებს და იცის მათი განწყობები და ადგილობრივი ამისთვის უკვე დიდი ხანია მზად არიან. ტურჩაკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლის ბოლომდე ჩატარდება და "ყალბი საზღვრებით გაყოფილი რუსული სამყარო კვლავ გაერთიანდება". 

კონტექსტი

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში აქტიურად საუბრობენ ოკუპირებულ ტერიტორიების ანექსირების გეგმაზე, მათ შორის საუბარია 2014 წელს ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების ანექსირებაზეც. ამის საშიშროებაზე და მიმდინარე სამუშაოებზე ხშირად საუბრობს დასავლური დაზვერვაც. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა სრულად დაიკავა ლუჰანსკის ოლქი, ასევე დონეცკის ოლქის დაახლოებით 60% და ხერსონის, ხარკოვისა და ზაპოროჟიის ოლქის ნაწილებიც. 

ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა დროებითი სამხედრო ადმინისტრაციები ჩამოაყალიბა. რუსეთის მარიონეტები ღიად საუბრობდნენ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმების ჩატარების გეგმაზე. 

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეფერენდუმები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 11 სექტემბერს ჩატარდებოდა - ეს რუსეთში ერთიანი ხმის მიცემის დღეა. 

მიუხედავად ამისა, უკრაინის წარმატებული წინააღდეგობის ფონზე მალევე გაჩნდა კითხვები თუ რამდენად მოახერხებდა რუსეთი დათქმული თარიღისთვის ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებას. 

აგვისტოს ბოლო Meduza პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დონბასში წარმოქმნილი და მოულოდნელი სამხედრო სირთულეების ფონტზე კრემლს შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირების შესახებ რეფერენდუმის თარიღის გადატანა მოუწიოს. 

მსგავსი სიახლეები