ერდოღანი 17 ნოემბერს გერმანიას ეწვევა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 17 ნოემბერს ბერლინში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიიღებს. მხარეები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტიან ჰოფმანმა 10 ნოემბერს განაცხადა.
"ცნობილია, რომ ფედერალურ მთავრობას და თურქეთის პრეზიდენტს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ჰამასის მიმართ, მაგრამ მოსაზრებების გაცვლა მნიშვნელოვანია," - აღნიშნა ოფიციალურმა ბერლინმა.
გარდა ამისა, თურქეთის სახელმწიფოს მეთაური გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
იმავდროულად, გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ერდოღანის ქვეყანაში ვიზიტს ეწინააღმდეგება. YouGov-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევით, გამოკითხულთა 45% ერდოღანის ვიზიტის გაუქმების მომხრე იყო. ამავდროულად, გამოკითხულთა 32% თვლის, რომ გერმანიის კანცლერმა თურქეთის ლიდერი უნდა მიიღოს, ჰამასის მიმართ ერდოღანის დამოკიდებულების მიუხედავად.
10 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ისრაელი ცდილობს შექმნას სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ 75 წლისაა და რომლის ლეგიტიმურობა საეჭვო გახდა მათივე ფაშიზმის გამო."
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ისრაელმა "ძალა გამოიყენა იმ მიწის დასაპყრობად, რომელზეც პალესტინელი ხალხი ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდა."
ამასთანავე, ერდოღანმა ადრე ჰამასს "განმათავისუფლებელი დაჯგუფება" უწოდა.