ერდოღანი: დასავლეთი ყირიმის ანექსიას რომ შეწინააღმდეგებოდა, დღეს სხვა სურათი იქნებოდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლებელი მათ შორის იმიტომ გახდა, რომ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოებას არასაკმარისი რეაქცია ჰქონდა. ამის შესახებ მან 11 მარტს, ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, წერს Anadolu.
"ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გუშინწინ ანტალიაში დაიწყო მაღალი დონის მოლაპარაკებები, ადასტურებს, რომ ფორუმი უახლოვდება დასახულ მიზანს. საერთაშორისო საზოგადოებას და დასავლეთს 2014 წელს ერთიანი ფრონტით რომ ემოქმედათ ყირიმის უსამართლო ანექსიის წინააღმდეგ, დღეს სურათი სრულიად განსხვავებული იქნებოდა", - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, 2014 წელს დასავლეთმა უკრაინა "მარტო დატოვა სამართლიან ბრძოლაში" და აღნიშნა, რომ უკრაინა თურქეთის მეგობარი და მეზობელია.
"ჩვენ საღი აზრის და შეთანხმების მიღწევის იმედი გვაქვს, ცეცხლის შეწყვეტის. თურქეთი მზადაა შეიტანოს წვლილი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში", - თქვა ერდოღანმა.
დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტანჯუ ბილგიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში თურქეთის საელჩო კიევიდან ჩერნოვცში გადადის.