ერდოღანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა
14 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტი არაბეთის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.
სპარსეთის ყურის ნავთობით და გაზით მდიდარ სახელმწიფოში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად იმართება.
ერდოღანი სამშაბათს დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
თურქული მედიის თანახმად, მხარეები ეკონომიკის, თავდაცვის და კულტურის სფეროში თორმეტი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ.
ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 2021 წელს 7.2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი საამიროებში უსაფრთხოების გაუარესებული ვითარების ფონზე გაიმართება.
ბოლო კვირებში საამიროები არაერთხელ მოექცა იემენელი აჯანყებული დაჯგუფების - ჰუსიტების - სამიზნის ქვეშ.
ჰუსიტები სპარსეთის ყურის ქვეყანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ახორციელებენ თავდასხმებს.
თურქეთს და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობა რეგიონულ საკითხებზე უთანხმოების გამო იყო დაძაბული.
ლიბიის სამოქალაქო ომში ანკარა და აბუ დაბი ერთმანეთის მეტოქე დაჯგუფებებს უჭერენ მხარს.
2017 წლის კატარის კრიზისშიც თურქეთი დოჰას მოკავშირედ გამოვიდა, ხოლო საამიროები საუდის არაბეთის მიერ დაწესებულ ბლოკადას შეუერთდა.
ურთიერთობების დათბობისთვის პირველი ნაბიჯი შარშან, თურქეთში საამიროების ტახტის მემკვიდრე პრინცის სტუმრობის დროს გადაიდგა.
„მუჰამად ბინ ზაიდის ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ხანის დადგომის მომასწავებელია.“ - განაცხადა მაშინ ერდოღანმა.