ერდოღანი რუსეთს შესაძლოა 8 სექტემბერს ეწვიოს - Bloomberg
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება, რათა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლება განიხილონ.
ამის შესახებ Bloomberg 28 აგვისტოს ორ თურქ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, ერდოღანი შესაძლოა რუსეთში 8 სექტემბერს გაემგზავროს, სანამ ინდოეთში, ნიუ დელიში, G20-ის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება. თურქეთის ხელისუფლებამ Bloomberg-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
გამოცემა წერს, რომ ერდოღანს სურს შეთანხმება აღდგეს, რომელიც უკრაინას მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის საშუალებას აძლევდა. შეთანხმება რუსეთმა გასულ თვეში დატოვა და უკრაინული პორტების ბლოკადა აღადგინა.
შეთანხმების დატოვების შემდეგ რუსეთმა უკრაინული პორტების და მარცვლეულის საცავების დაბომბვა დაიწყო, რამაც ხორბლის ფასის ზრდა გამოიწვია.
"შეხვედრა მალე შედგება," - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე.