ერდოღანმა გაეროში მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის "ოპერაციას" ყარაბაღში

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას მხარდაჭერა გამოხატა აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ. აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ანტიტერორისტული ზომების" დაწყება გამოაცხადა.

ერდოღანის განცხადებას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu ციტირებს.

თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ანკარა თავიდანვე მხარს უჭერდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ ერევანმა "ვერ გამოიყენა ეს ისტორიული შესაძლებლობა."

"როგორც ახლა ყველა აღიარებს, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ამის გარდა სხვა სტატუსი არასოდეს დამტკიცდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მოქმედებს ლოზუნგით - 'ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო' თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად." - აღნიშნა თურქეთის ლიდრმა.

კონტექსტი

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა "ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ნაწილად ითვლება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოს ქმედებებს ფართომასშტაბიანი აგრესია უწოდა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ "ეთნიკური წმენდის პოლიტიკის დასრულების მიზნით."

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია. მან აღნიშნა, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან ომში არ ჩაერთვება.

ევროკავშირმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება დაგმო და ბაქოს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ანტიტერორისტული ოპერაცია."

მსგავსი სიახლეები