ესპანეთი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი, რომელიც ესპანეთში მას შემდეგ წავიდა, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს.
ამის შესახებ 8 სექტემბერს ჟურნალისტებს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განუცხადა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ გონსალესის თხოვნით, ის ესპანეთში ქვეყნის საჰაერო ძალების თვითმფრინავით გადაიყვანეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვენესუელამ გასულ კვირას მისი დაპატიმრების ორდერი გასცა ტერორიზმის, შეთქმულების და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დანაშაულების ბრალდებით.
"მან (გონსალესმა – რედ.) ასევე ითხოვა თავშესაფრის უფლება, რასაც, რა თქმა უნდა, ესპანეთის მთავრობა აპირებს განიხილოს და მისცეს," - განაცხადა ესპანელმა მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგი ესაუბრა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს.
ალბარესმა დაადასტურა, რომ ესპანეთის პოზიცია ვენესუელის არჩევნებთან დაკავშირებით "აბსოლუტურად არ შეცვლილა."
"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ ოქმები წარმოადგინონ, რათა მათი გადამოწმება მოხდეს. ჩვენ არ ვაღიარებთ მადუროს გამარჯვებას, სანამ ეს არ გაკეთდება. ესპანეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს დიალოგს და მოლაპარაკებებს მთავრობასა და ოპოზიციას შორის ვენესუელაში მშვიდობიანი გადაწყვეტის მისაღწევად." - განაცხადა მინისტრმა.
ვენესუელის საარჩევნო საბჭომ 28 ივლისის არჩევნების გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა დიქტატორი ნიკოლას მადურო, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება. ქვეყნის ოპოზიცია აცხადებს, რომ მისმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ბანდების მიერ მათი დარბევა.
დასავლეთისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდეს გამოაქვეყნოს დეტალური შედეგები საარჩევნო უბნების მიხედვით, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა.