ესპანეთის პარლამენტმა პედრო სანჩესი პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთხელ აირჩია

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკურ პარტიასთან გარიგების შემდეგ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა და „სოციალისტურ მუშათა პარტიის - PSOE“ ლიდერმა, პედრო სანჩესმა ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოიპოვა.

მის კანდიდატურას მხარი 350 წევრიან პარლამენტში 179-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პედრო სანჩესს მხარი 8 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „სოციალისტურ მუშათა პარტიის - PSOE“, „ერთობის - Sumar“, „ბასკების ქვეყნის კრების - EH Bildu“, ბასკეთის ნაციონალისტური პარტიის - PNV“, „ერთად კატალონიისთვის - Junts“, „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელების - ERC“, „გალიციის ნაციონალისტური ბლოკის - BNG“ და „კანარის კოალიციის - CC” დეპუტატებმა დაუჭირეს.

კონტექსტი

23 ივლისს ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი 176 მანდატი ვერცერთმა პარტიამ მოპოვა.

მმართველი „სოციალისტურ მუშათა პარტია“ სოციალ-დემოკრატიულ „სახალხო პარტიასთან“ დამარცხდა, თუმცა ამ უკანასკნელს “Vox-თან“ კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაშიც კი არ აქვს მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატების რაოდენობა.

10 ნოემბერს „სოციალისტურ მუშათა პარტიის - PSOE“ ლიდერი, პედრო სანჩესი კოალიციური მთავრობის ფორმირების სანაცვლოდ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკურ პარტიასთან გარიგებას დათანხმდა.

შეთანხმების მიხედვით, გამოცხადდება ამნისტია, რომელიც ყველა იმ ადამიანს შეეხება, ვისაც 2012-დან 2023 წლამდე კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან, ასევე 2017 წლის უკანონო რეფერენდუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბრალდებები აქვს წაყენებული.

„სოციალისტურ მუშათა პარტიის" და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის გარიგებას ესპანეთის მოსახლეობის აღშფოთება მოყვა. პოლიტიკურ ამბოხში ბრალდებულ კატალონიელთა შეწყალების  გასაპროტესტებლად მადრიდსა და ბარსელონაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა. 

„სახალხო პარტიის“ ლიდერმა, ალბერტო ნუნეს ფეიხოომ შემოთავაზებულ კანონპროექტს „უპრეცედენტო მდგომარეობა“ უწოდა და ევროპის კავშირს ჩარევისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები