ესტონეთში პუტინის მომხრე მომღერალი ნეტრებკოს კონცერტი გაუქმდა
რუსი საოპერო მომღერალი ანა ნეტრებკო ნოემბერში ტალინში კონცერტს არ ჩაატარებს. ამ ინფორმაციას Piletilevi ავრცელებს.
ნეტრებკოსა და იუსიფ ეივაზოვის კონცერტი 14 ნოემბერს იყო დაგეგმილი. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ბილეთების თანხას დააბრუნებენ.
პუტინის მომხრე ოპერის მომღერლის საიტს ჯერ არ წაუშლია ესტონეთის დედაქალაქში მისი კონცერტის ანონსი. ნეტრებკოს ტალინში გამოსვლის თარიღი უკვე ორჯერ გადაიდო.
მანამდე ნეტრებკოს კონცერტი ლიხტენშტეინში გაუქმდა, რომელიც 26 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო.
ასევე მომღერლის კონცერტი ოქტომბერში პრაღის მუნიციპალურ სახლშიც გაუქმდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრაღის საკრებულოს მმართველმა კოალიციამ უკმაყოფილება გამოთქვა ანა ნეტრებკოს კონცერტთან დაკავშირებით. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ რუსი მომღერალი უკრაინის სანქციების სიაში იყო, ხოლო მისი გამოსვლა ჩეხეთის დედაქალაქში არასწორი იქნებოდა უკრაინაში რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით.
ოლეგ ცარევი და ანა ნეტრებკო
ნეტრებკო, რომელიც დიდი ხანია ავსტრიაში ცხოვრობს, წარსულში საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინს უჭერდა მხარს. 2014 წელს ის პეტერბურგში დონბასელ სეპარატისტ ოლეგ ცარევს შეხვდა და დონეცკის ოპერას მილიონი რუბლი შესწირა.
გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ნეტრებკოს კონცერტებს დასავლეთის ქვეყნებში აუქმებენ. ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნეტრებკომ საჯაროდ დაგმო ომი და თქვა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე შეხვედრია პუტინს.
2022 წლის ივლისში ანა ნეტრებკოს კონცერტი შტუტგარტში გაუქმდა, მანამდე კი ის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერიდან გაათავისუფლეს.