ევროკავშირი ბრიტანეთში ვაქცინების ექსპორტის აკრძალვით იმუქრება
ევროკავშირი ოთხშაბათს ბრიტანეთს დაემუქრა, რომ კუნძულზე კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტი აიკრძალება. აკრძალვის მიზანია ვაქცინის მწირი დოზები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის გადაინახოს.
ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილი 550,000-ზე მეტი ადამიანის ფონზე ევროკავშირის მოსახლეობის მეათედზე ნაკლებია აცრილი. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. “ჩვენ ვართ საუკუნის კრიზისში,” უთხრა მან ჟურნალისტებს.
“ჩვენ ვხედავთ მესამე ტალღის მოახლოებას და უნდა დავაჩქაროთ ვაქცინაციის ტემპები.”
ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ვაქცინის მიწოდება აშშ-დან შეუფერხებლად მიმდინარეობდა, მაგრამ იმედგაცრუებულია ბრიტანეთიდან AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანის ტემპით. მან განაცხადა, რომ 10 მილიონი დოზა ვაქცინა შევიდა ბრიტანეთში ევროკავშირის საწარმოებიდან.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ევროკომისიის პრეზიდენტს ბრალდებებით უპასუხა. ”ვფიქრობ, ამას გარკვეული ახსნა სჭირდება, რადგან მსოფლიო თვალს ადევნებს… ეს ასევე პირდაპირ არღვევს იმ გარანტიებს, რომლებიც კომისიისგან გვქონდა. ჩვენ ველით, რომ ამ გარანტიებს და იურიდიულ ვალდებულებებს ევროკავშირი პატივს სცემს.”
ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების მთავარი იმპორტიორი გაერთიანებული სამეფოა. ევროკავშირიდან მსოფლიოში ბოლო 6 კვირაში 41 მილიონი დოზა ვაქცინის ექსპორტი მოხდა, საიდანაც 10 მილიონზე მეტი დოზა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში შევიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის ექსპორტის ადმინისტრირებას არა ევროკავშირი, არამედ კომპანიები Pfizer და AstraZeneca ახორციელებენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიას მხოლოდ საწარმოებისთვის იყენებენ.
წყარო:
reuters.com
bbc.com