ევროკავშირი გაზის ფასებს დაარეგულირებს
გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ევროკავშირმა გაზის ბაზრის კორექციის საგანგებო მექანიზმი შეიმუშავა. ეს მექანიზმი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას მოქალაქეები და ევროკავშირის ეკონომიკა ბუნებრივი აირის ზედმეტად მაღალი ფასებისგან.
ინოვაცია ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა 22 ნოემბერს, სტრასბურგში წარადგინა.
ევროკომისიის წინადადებით, მექანიზმი ამოქმედდება ერთდროულად ორ ვითარებაში. პირველი არის ფიუჩერსების ფასის ზრდა მომდევნო თვისთვის 275 ევრომდე მეგავატ საათში ორი კვირის განმავლობაში (TTF გაზის ინდექსის საფუძველზე). მეორე, გაზის ფასში სხვაობა ევროკავშირში სხვა საერთაშორისო ინდექსებთან ან თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარზე 58 ევროზე მეტი მეგავატ/საათში ათი დღის განმავლობაში. თუ ორივე პირობა არსებობს, მაშინ სავაჭრო ოპერაციები მითითებულ დონეზე მაღალ ფასებში არ განხორციელდება.
გადაწყვეტილებას საგანგებო მექანიზმის ძალაში შესვლის შესახებ ევროკომისია ექსპერტიზის შეფასების საფუძველზე ერთი დღის ვადაში მიიღებს. მექანიზმის მუშაობა ავტომატურად შეწყდება ფასების მაქსიმალურ დასაშვებ დონეზე დაბრუნების შემდეგ.
"უკიდურესი ზომა", რომელიც ბრიუსელმა მიიღო
"ეს არ არის ჩარევა, რომელიც მიმართულია საბაზრო ფასების ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნებისკენ. ეს არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც თავიდან აგვაცილებს ფასების გადაჭარბებულ ზრდას, რომელიც არ შეესაბამება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას", - თქვა სიმსონმა ევროკომისიის წინადადებაზე.
ფასების ლიმიტის შემუშავებისას საფუძვლად აგვისტოს მაჩვენებლები მიიღეს. შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა იჩქარეს გაზის შეძენა ზამთრისთვის მარაგების შესავსებად და TTF ინდექსმა მიაღწია რეკორდულ 349 ევროს მეგავატ საათში. ახლა ფასი 116 ევრო/მგვტ/სთ-მდე დაეცა, 2020 წელს კი 15 ევრო/მგვტ/სთ იყო.