ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს - ფონ დერ ლაიენი
ევროკავშირი აჩქარებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეცხრე პაკეტის მომზადებას უკრაინაში მისი შეიარაღებული აგრესიის გამო.
"ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დავარტყათ რუსეთს იქ, სადაც ტკივა და კიდევ უფრო შევასუსტოთ მისი ძალები უკრაინის წინააღმდეგ საომრად", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 24 ნოემბერს, ფინეთში ვიზიტის დროს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევთანხმდებით G7-თან და სხვა ძირითად პარტნიორებთან რუსული ნავთობის გლობალური ფასის ზედა ზღვარის შემოღებაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უსამართლო და ბარბაროსულ ომს", - აღნიშნა მან.
ფონ დერ ლაიენმა მკვეთრად გააკრიტიკა რუსული დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ამ ქმედებებს ომის დანაშაულები უწოდა. ამასთან, მან გამოთქვა რწმენა უკრაინის გამარჯვების მიმართ.
"ვიცი, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები ამ სტრატეგიას გადალახავენ, რადგან ისინი ძლიერები არიან, მათი მიზანი სამართლიანია და ჩვენ მათ ამ რთულ დროს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.