ევროკავშირი სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებებს იწყებს
ევროკავშირის ელჩებმა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე მწვანე შუქი აუნთეს სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგის დაწყებას და ისტორიაში პირველად შეთანხმდნენ ევროპის მშვიდობის ფონდიდან ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე.
ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ელჩების გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისიამ უახლოეს თვეებში უნდა შეიმუშაოს სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის სამოქმედო გეგმა.
"საბუთების დაცვაზე, საზღვრებზე, რეადმისიაზეა საუბარი, ასევე ფუნდამენტური უფლებების საკითხებზეც. ეს ასობით გვერდის მთლიან დოსიეს ჰგავს, რომელიც სომხეთმა უნდა შეავსოს და ამას წლები დასჭირდება," - თქვა რადიო თავისუფლების რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხებისთვის ვიზების საბოლოო გაუქმება მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვან მხარდაჭერას.
"არსებობს რამდენიმე ქვეყანა, კერძოდ, შვედეთი, ავსტრია და ნიდერლანდები, რომლებიც ფრთხილობენ სხვა ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. ამიტომ, ეს ჯერ კიდევ შორს არის დასრულებული საკითხისგან. ბევრი დაბრკოლება და პრობლემაა," - განაცხადა იოზვიაკმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს სომხეთისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის არალეტალური სამხედრო დახმარების გამოყოფაზე, ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით. ეს ისტორიაში პირველად მოხდა. მანამდე ეს გადაწყვეტილება უნგრეთმა დაბლოკა.
მიმდინარე წლის თებერვალში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეთანხმდნენ, რომ "დაიწყონ მუშაობა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ამბიციური ახალი პარტნიორობის დღის წესრიგზე."
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური გუნდის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებას უნდა ცდილობდეს.