ევროკავშირი თურქეთს რეკონსტრუქციისთვის €1 მილიარდს გამოუყოფს

ევროკომისია თურქეთს თებერვალში მომხდარი მიწისძვრის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს განაცხადა.

"ვერავინ შეავსებს სიცარიელეს, რომელიც ადამიანების დაღუპვამ დატოვა, მაგრამ ჩვენ ერთად შეგვიძლია აღვადგინოთ და ავაშენოთ", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან მიწისძვრის შედეგად განადგურებული "სახლების, სკოლების და საავადმყოფოების" აღდგენა "სეისმური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით" მოითხოვა.

თებერვალში სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად, თურქეთსა და სირიაში 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

მიწისძვრებმა ათიათასობით შენობა გაანადგურა, რაც კითხვებს აჩენს სეისმურ რეგიონში მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით.

ფონ დერ ლაიენის თქმით, დახმარების პაკეტში ასევე შედის 108 მილიონი ევრო სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მიწისძვრების შედეგად ქვეყანამ $104 მილიარდის ზარალი მიიღო.

მსგავსი სიახლეები