ევროკავშირმა მიგრაციის შესამცირებლად შესაძლოა ტუნისს 1 მილიარდ ევროზე მეტი გადასცეს

ევროკავშირი მზადაა სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებისა და ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომების მისაღებად, ტუნისს 1 მილიარდ ევროზე მეტი გადასცეს.

ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ევროკომისია განიხილავს 900 მილიონ ევრომდე მაკროფინანსური დახმარების გაწევას და "როგორც დაუყოვნებელი ნაბიჯი, ჩვენ ახლავე შეგვიძლია გამოვყოთ 150 მილიონ ევრომდე საბიუჯეტო მხარდაჭერა," - თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ტუნისის პრეზიდენტ კაის საიდთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ისინი ერთად იმუშავებენ "ყოვლისმომცველ ხუთმხრივ პაკეტზე," რომელიც მოიცავს "გაზრდილ ვაჭრობასა და ინვესტიციებს" და "ურთიერთმომგებიან ენერგეტიკულ თანამშრომლობას."

მისი თქმით, ევროკავშირი ასევე მზად არის ტუნისს 100 მილიონი ევრო გამოუყოს საზღვრის მართვის, ძებნისა და გადარჩენისთვის, კონტრაბანდის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის და სხვა ინიციატივებისთვის, რომლებიც მიმართულია მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად.

საპორტო ქალაქ სფაქსის მონახულების შემდეგ, რომელიც მიგრანტების ევროპისკენ გამგზავრების მთავარი პუნქტია, ტუნისის ლიდერმა თქვა, რომ მისი ქვეყანა არ დათანხმდება სხვა ქვეყნების მესაზღვრე გახდეს. 

ევროკავშირის ქვეყნებმა მიგრანტების განსახლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს: მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი და უნგრეთი ამის წინააღმდეგი იყვნენ, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი იყო კვალიფიციური უმრავლესობა.

შვედეთის წინადადებით, რომელიც ახლა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, ქვეყნებს ექნებათ სამი ვარიანტი: მათ შეეძლებათ მიგრანტების მიღება, თანხის გადახდა იმისთვის, რომ მიგრანტები არ მიიღონ ან ე.წ. "ოპერატიული დახმარების" არჩევა.

ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად ევროკავშირში შეიძლება დაახლოებით 30 000 მიგრანტი შევიდეს.

თუ ქვეყანა მიგრანტს არ მიიღებს, ერთი ასეთი მიგრანტის "ღირებულება" 20 000 ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები