ევროკავშირმა მის ინსტიტუტებთან წვდომა რუს ლობისტებს აუკრძალა
ევროპარლამენტის შემდეგ კიდევ ორმა ევროკავშირის ინსტიტუტმა აუკრძალა ბრიუსელში რუსული კომპანიების ლობისტებს მათ შენობაში შესვლა. ამის შესახებ RFI ამ ინსტიტუტების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.
პირველი, ვინც რუს ლობისტებს მათ შენობაში შესვლა აუკრძალა, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტი იყო.
ევროპარლამენტს ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ მიბაძა და "დავალება გასცეს აღარ მიიღონ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ინტერესებს". ამის შესახებ მათმა წარმომადგენლებმა ხუთშაბათს, უკრაინის დახმარების შესახებ ევროპული სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადეს.
მათ განაცხადეს, რომ რუსი ლობისტების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 15 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე მიიღეს.
"ამ გადაწყვეტილების აღსრულება უკვე მიმდინარეობს", - აზუსტებენ ორ დეპარტამენტში. ეს ეხება რუსეთის ინტერესების ყველა წარმომადგენელს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ევროკავშირის "გამჭვირვალობის რეესტრში", რომელიც საშუალებას აძლევს ინსსტიტუტების შენობებში შეხვდნენ ევროკომისრებს, მათ თანამშრომლებს და ევროკავშირის არჩეულ წარმომადგენლებს.
აღნიშნული რეესტრი არის "ბაზა, რომელშიც ჩამოთვლილია ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო პროცესზე და ევროპული ინსტიტუტების პოლიტიკის განხორციელებაზე", - აკონკრეტებს ევროკომისია.