ევროკავშირმა რუსულ სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს" სანქციები დაუწესა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს, მასთან დაკავშირებულ 8 პირს და 3 ორგანიზაციას სანქციები დაუწესეს.
სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას. სანქცირებულია დიმიტრი უტკინი, რომელიც რუსეთის სამხედროს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და ვაგნერის დამფუძნებელია. სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინაში ვაგნერის ოპერაციების დაგეგმვაზე.
ვაგნერი დასავლური მედიის ყურადღების ქვეშ პირველად 2014 წელს მოექცა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუს სეპარატისტებთან ერთად იბრძოდა. შემდგომში დაჯუფება სირიაში, სუდანში, მოზამბიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედებდა.
დასავლეთი მიიჩნევს, რომ ვაგნერი რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული, თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.
"ამ ჯგუფის ქმედებები რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია. ისინი საფრთხეს წარმოადგენენ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში არასტაბილურობას ქმნიან", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.