ევროკომისია: რუს ოლიგარქებს 12.5 მილიარდი ევროს აქტივები გავუყინეთ
ევროკავშირმა რუსი ოლიგარქების 12.5 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. ამის შესახებ Welt-ს იუსტიციისა და კანონის უზენაესობის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელმა განუცხადა.
სპიკერმა თქვა, რომ რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ოდენობა თითქმის გაორმაგდა აპრილის 6.7 მილიარდი ევროდან 12.5 მილიარდ ევრომდე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მარტში, ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დავალებით შექმნა სპეციალური დანაყოფი ("სამუშაო ჯგუფი გაყინვისა და კონფისკაციის შესახებ"), რათა კოორდინირება გაუწიოს ევროკავშირის ქვეყნების ქმედებებს სანქციების ქვეშ მყოფი პირების წინააღმდეგ და თვალყური ადევნოს ოლიგარქების ქონებას.
ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად გაყინულია 1100-ზე მეტი ადამიანისა და ინსტიტუტის ქონება. ასევე დაბლოკილია რუსეთის ცენტრალური ბანკის 196 მილიარდი ევროს რეზერვები და მასთან დაკავშირებული ოპერაციები.