ევროკომისია: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი ფინანსურ ბაზრებზე, ტექნოლოგიებზე წვდომას დაკარგავს
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში რუსეთი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მაღალტექნოლოგიურ საქონელზე წვდომას დაკარგავს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა - აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად - „ძლიერი და ყოვლისმომცველი“ სანქციების პაკეტი შეიმუშავა, რომელსაც კრემლის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამოქმედდება.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, თუ რუსეთს დასავლური მაღალტექნოლოგიური საქონელი „ძალიან სჭირდება“ და მას „ადვილად ვერ ჩაანაცვლებს“.
19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს რუსეთისთვის სანქციების „დაუყოვნებლივ“ დაწესებისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლისთვის შეზღუდვების ამოქმედება შედეგს ვერ გამოიღებს.
რუსეთის პოტენციურ სანქციებს შორის სახელდება Nord Stream 2-ის შეჩერება. სადავო ენერგეტიკული პროექტი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, რუსეთს გერმანიაში ტრანზიტული გზის გარეშე გაზის ექსპორტის საშუალებას მისცემს.
ქვეყნების ნაწილი რუსეთის SWIFT-ის, ფინანსური ტრანზაქციების საერთაშორისო ქსელიდან გათიშვასაც ითხოვს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ზომა სანქციების პაკეტში არ შესულა.