ევროკომისიის პრეზიდენტმა 2024 წელს "დემოკრატიისთვის საკვანძო" უწოდა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ 2024 წელი "დემოკრატიისთვის საკვანძო წელია," რადგან ევროპარლამენტის არჩევნები კონტინენტის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევების ფონზე ტარდება.
ამის შესახებ მან ბავარიაში გერმანიის ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს არჩევნები ევროპაში, გვაქვს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ღია, თავისუფალი დემოკრატიების გამარჯვება," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლეიენმა ევროპას თავდაცვაზე მეტი ფოკუსირებისკენ მოუწოდა: "თავდაცვა ევროპის ფუნდამენტური ამოცანა უნდა იყოს."
მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატად წარდგება და შესაბამისად, ვადამდე დატოვებს თანამდებობას.
თუ ეს მოხდება და ევროკავშირის ლიდერები სწრაფად ვერ შეთანხმდებიან მიშელის მემკვიდრეზე, ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს გადაეცემა, რომელიც ევროპულ საბჭოს 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.