ევროპარლამენტის არჩევნების კვლევა: ლე პენის პარტია - 32.5%, მაკრონის - 16%
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანება" ევროპარლამენტის არჩევნებზე გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია.
ფრანგული ინსტიტუტის, ELABE-ს კვლევის თანახმად, რომელიც BFMTV-სა და La Tribune Dimanche-ის დაკვეთით ჩატარდა, "ეროვნული გაერთიანება" 32.5%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა საფრანგეთის პრეზიდენტის პარტია "რენესანსი" 16%-ით, რომლის სიასაც მაკრონის თანამებრძოლი ვალერი ჰაიერი ლიდერობს.
მესამე ადგილზე სოციალისტები არიან 13%-ით, რომელთა ლიდერიც რაფაელ გლუკსმანია.
სხვა პარტიების სავარაუდო მხარდაჭერა კი ასეთი: ულტრამემარცხენე "დაუმორჩილებელი საფრანგეთი" - 8.5%, მწვანეები - 7%, რესპუბლიკელები - 6% და ულტრამემარჯვენე პარტია "რეკონკისტა" - 5%.
ELABE აღნიშნავს, კვლევაში ყოველი მესამე ამომრჩეველი ამბობს, რომ მათ მაინც შეიძლება შეიცვალონ მოსაზრება. ამომრჩეველთა 12%-მა კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას კენჭისყრის დღეს ან წინა დღეს მიიღებენ.
Politico-ს პროგნოზით, ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტიების წარმამდეგენლები ყველაზე მეტი იქნებიან და მათი რაოდენობა მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტიისა" და მემარცხენე-ცენტრისტული "ევროპელი სოციალისტების" რაოდენობას გადააჭარბებს. თუმცა, ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში არიან გადანაწილებული და ერთ საპარლამენტო ფრაქციად გაერთიანებას ვერ ახერხებენ.
მეტიც, მაისის ბოლოს, ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ცხრა წევრი გარიცხეს ევროპარლამენტის ევროსკეპტიკური პოლიტიკური ჯგუფიდან "იდენტობა და დემოკრატია" (ID). ამის მიზეზი გერმანული პარტიის პირველ ნომრის, მაქსიმილიან კრაჰის განცხადებაა, რომ ნაცისტების SS-ის დანაყოფის ყველა წევრი ომის დამნაშავე არ იყო.