ევროპელი სოციალ-დემოკრატები ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლას გმობენ
.png)
ევროპელი სოციალისტების პარტია გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე.
ევროპელი სოციალისტები ევროკავშირის სიდიდით მეორე პოლიტიკური გაერთიანებაა, ქართული ოცნება კი ამჟამად მათი დამკვირვებელი წევრია.
"პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მოქმედება მიუღებელია და სრულებით სცდება ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს", - ნათქვამია ევროპელი სოციალისტების ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის განცხადებაში.
მისი თქმით, ევროპელი სოციალისტების პარტია მომდევნო ყრილობაზე ქართული ოცნების სტატუსს გადახედავს.
"ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ ეს აშკარად აუცილებელი ნაბიჯია", - აცხადებს კატი პირი.
ევროპელი სოციალისტების მომდევნო ყრილობა ივნისში გაიმართება. ქართული ოცნების სტატუსის გადახედვის საკითხი პარტიაში ჯერ კიდევ მარტში, საქართველოში რუსული კანონის მიღების მცდელობის შედეგად დადგა.