ფაშინიანი: რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ

სომხეთის პრემიერის თქმით, რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ ნაკირს ვალდებულებებს ლაჩინის კორიდორის კონტროლთან დაკავშირებით. 

ამის შესახებ, ფაშინიანმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, რუსი სამშვიდობოები ვალდებულები არიან გააკონტროლონ ლაჩინის კორიდორი და უზრუნველყონ შეუფერხებელი კავშირი სომხეთსა და ყარაბაღს შორის. 

"სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, ეს ვალდებულებები არ სრულდება. სამმხრივ შეთანხმებას, აზერბაიჯანის გარდა, არ ასრულებენ რუსი სამშვიდობოებიც. რა თქმა უნდა, ეს აზერბაიჯანის ქმედებებს უკავშირდება, მაგრამ ამით აზრი არ იცვლება, რადგანაც სამშვიდობო ძალები პასუხისმგებლები  არიან, აღკვეთონ მსგავსი უკანონობა",- თქვა ფაშინიანმა.

კონტექსტი

ლაჩინის კორიდორი არის 6 კილომეტრიანი გზა, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს. ეს კორიდორი, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რუსეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი შეთანხმებით შეიქმნა. 

ამავე შეთანხმების მიხედვით, კორიდორს რუსი სამშვიდობოები გააკონტროლებენ, ხოლო უსაფრთხოების გარანტორად - აზერბაიჯანი გამოდის. 

12 დეკემბერს, სომხეთის საგარეო სამინისტროში განაცხადეს, რომ კორიდორში მოძრაობა უცნობმა პირებმა დაბლოკეს, რომლებიც თავს აზერბაიჯანელ ეკოაქტივისტებად ასაღებდნენ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კორიდორში მოძრაობა არა აზერბაიჯანელმა ეკოაქტივსიტებმა, არამედ რუსმა სამშვიდობოებმა დაბლოკეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან, მოძრაობის განბლოკვის შესახებ. 

 

მსგავსი სიახლეები