ფაშინიანი: სომხეთში ОДКБ-ს წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების ქვეყნების [ОДКБ] სამხედრო წვრთნების სომხეთში ჩატარებაზე.
ამის შესახებ პრემიერმა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თავდაცვის მინისტრმა უკვე აცნობა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ არსებულ ვითარებაში სომხეთში ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია",- თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, წვრთნების ჩატარება როგორც მინიმუმ მიმდინარე წელს შეუძლებელი იქნება.
კონტექსტი
ყარაბაღის მეორე ომის დროიდან მოყოლებული სომხეთში ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ОДКБ-ს უმოქმედობის გამო.
8 დეკემბერს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ლაჩინის კორიდორის დაბლოკვას და ამასთან დაკავშირებით რუსი სამშვიდობო ძალების უმოქმედობას აპროტესტებდნენ.
სომხეთის პოლიციის პრესსამხურის ცნობით, სულ დაკავებულია "არასანქცირებული" მიტინგის 65 მონაწილე.
- ფაშინიანი: რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ
დაკავების მიზეზი დემონსტრანტების მიერ სამხედრო ბაზასთან მისასვლელი გზების დაბლოკვა გახდა. აქციის ორგანიზატორი სომხეთის ნაციონალ-დემოკრატიული პოლუსი იყო.
"რადგანაც ჩვენ ვიხდით რუსი სამხედროების ყოფნის საფასურს საკუთარ ტერიტორიაზე და ასევე ვიყოფთ ზიანს ერთ სამხედრო ალიანსში ყოფნისგან, სამაგიეროდ ვითხოვთ ქმედებებს ლაჩინის კორიდორის დებლოკირებისკენ",- განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, არა პაპიანმა.
ლაჩინის კორიდორი არის 6 კილომეტრიანი გზა, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს. ეს კორიდორი, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რუსეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი შეთანხმებით შეიქმნა.
ამავე შეთანხმების მიხედვით, კორიდორს რუსი სამშვიდობოები გააკონტროლებენ, ხოლო უსაფრთხოების გარანტორად აზერბაიჯანი გამოდის.
12 დეკემბერს, სომხეთის საგარეო სამინისტროში განაცხადეს, რომ კორიდორში მოძრაობა უცნობმა პირებმა დაბლოკეს, რომლებიც თავს აზერბაიჯანელ ეკოაქტივისტებად ასაღებდნენ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კორიდორში მოძრაობა არა აზერბაიჯანელმა ეკოაქტივსიტებმა, არამედ რუსმა სამშვიდობოებმა დაბლოკეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან, მოძრაობის განბლოკვის შესახებ.