ფილატოვი: დნიპროზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-ს გადააჭარბებს. ეს მოსაზრება ჟურნალისტ ვასილი გოლოვანოვთან ინტერვიუში, ქალაქის მერმა ბორის ფილატოვმა გამოთქვა.
მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ სხვა ადამიანების პოვნის შანსი ნულის ტოლია, რადგან ღამით ტემპერატურა დაბალი იყო და დარტყმის შემდეგ რაკეტის საწვავი დაიწვა.
"დაახლოებით 20 ადამიანი დაკარგულთა სიაშია და, სიმართლე გითხრათ, ნანგრევებს მთლიანად ვარყევთ ისე, რომ სხეულის არც ერთი ფრაგმენტი არ დაიკარგოს, მაგრამ მე შემატყობინეს, რომ არის შანსი ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ "აორთქლებულიყო." - განაცხადა ფილატოვმა.
დნიპროს მერმა აღნიშნა, რომ მაშველები სახლის სახურავის შემოწმებას გეგმავენ, რადგან სარაკეტო თავდასხმის შედეგად იქ შესაძლოა ცხედრები ატყორცნილიყო.
"კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ. წინასწარი შეფასებით, 50+ მსხვერპლი მაინც იქნება, ეს 100%-ია", - თქვა ფილატოვმა.
14 იანვარს რუსეთის ფედერაციამ უკრიანაზე მორიგი მასირებული სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რომლის ერთი კორპუსიც სრულად ჩამოიშალა. თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 80-მდე მოქალაქე.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა იმ რუსი ოკუპანტების ვინაობა, რომლებიც დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობდნენ.