ფინეთი რუსულ გაზს თხევადი გაზით ჩაანაცვლებს
ფინეთში თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების პირველი მცურავი ტერმინალი ჩავიდა. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს გააზით დატვირთული ტანკერები უცხოელი მომწოდებლებისგან მიიღოს და რუსული მილსადენის გაზი ჩაანაცვლოს.
ამ ინფორმაციას ოთხშაბათს გაზის ფინური ოპერატორი Gasgrid ავრცელებს.
გარდა ამისა, თხევადი გაზს ფინეთიდან ესტონეთიც მიიღებს.
გიბრალტარული გემი Exemplar ფინეთის პორტ ინკუში ჩადგა. ფინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მის 10 წლიან იჯარაზე. ტანკერები ფინეთში თხევად გაზს თვეში ორჯერ ჩაიტანენ, პირველი გემი იანვარშია მოსალოდნელი.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ აპირებდნენ რაც შეიძლება მალე შეემცირებინათ დამოკიდებულება რუსულ გაზზე და, იდეალურ შემთხვევაში, მთლიანად უარი ეთქვათ მასზე.
ზაფხულში რუსულმა გაზპრომმა შეწყვიტა ბუნებრივი აირის ევროპისთვის Nord Stream-ის გაზსადენით მიწოდება, ხოლო სექტემბრის ბოლოს Nord Stream-ის მილების წყალქვეშა აფეთქებამ სრულიად შეუძლებელი გახადა გაზის მიწოდება.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის ნავთობის ფასის ზედა ზღვარი დააწესა - ბარელზე $60, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაეთანხმნენ ამ გადაწყვეტილებას.