ფინეთის პრემიერი: განვიხილავთ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას განიხილავს, რადგან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება.
ამ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ორპომ აღნიშნა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა შეცვალეს პრაქტიკა და ახლა საზღვართან მისვლის ნებას რთავენ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საჭირო დოკუმენტები და ასეთი მიგრანტების რიცხვი იზრდება.
"ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას," - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ფინეთის მთავრობა ამზადებს ინსტრუმენტებს, რათა განმუხტოს სიტუაცია, განიხილება ერთი ინდივიდუალური გამშვები პუნქტის ან მთელი საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობა.
"არ არის საჭირო შეშფოთება. კანონმდებლობაც მოწესრიგებულია. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მზად ვართ ვიმოქმედოთ," - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა მეორდება ის ვითარება, რაც 2015-16 წლების მიგრაციის ტალღის დროს იყო.
მანამდე ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მზარდ ნაკადზე მთავრობა პასუხს ამზადებს.