ფინეთს სურს ტიმჩენკოსა და როტენბერგს ჰელსინკის ჰოკეის არენა ჩამოართვას
ფინეთს სურს დააჩქაროს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის, გენადი ტიმჩენკოსა და რომან როტენბერგისთვის 15,500 ადგილიანი ჰელსინკის არენის კონფისკაცია, მაგრამ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის საბოლოო შინაარსს ელოდება.
ამის შესახებ გაზეთი Ilta-Sanomat წერს.
ფინეთის მთავრობას სურს, რომ ტიმჩენკომ და როტენბერგმა ნებაყოფლობით გაყიდონ ჰელსინკის არენის მფლობელობაში არსებული საკონტროლო პაკეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიწყებენ აქციების კონფისკაციის პროცედურას. რუსი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირმა სანქციები დააწესა, არენის ნაწილს კომპანია Arena Events Oy-ის მეშვეობით ფლობენ.
კონფისკაციის დაწყების სავარაუდო თარიღი, Ilta-Sanomat-ის წყაროს მიხედვით, 2024 წლის იანვარი-თებერვალია.
"მეტი შეფერხება არ იქნება. ყველას ინტერესებშია არენაზე დაბრუნება ამა თუ იმ გზით," - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ.
არენა 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დაკეტილია, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ჰელსინკის ხელისუფლება მისი უმოქმედობის გამო წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტს კარგავს.
ამ მხრივ გადამწყვეტია დეკემბერი, როდესაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე.
სანქცირებული პირების აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების გამონაკლისი პროცედურა 31 მაისს ამოიწურა და თუ ევროკავშირის ახალი სანქციები მას არ გაახანგრძლივებს, ჰელსინკი ვერ შეძლებს რუსი ოლიგარქებისთვის არენის სწრაფად ჩამორთმევას.
გარდა ამისა, პროცედურა შეიძლება გასაჩივრდეს ფინეთის პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.
"ფინეთი ახლა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე, რადგან მას სურს ევროკავშირის სანქციების პაკეტის დამატება, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, არენას ამოქმედების საშუალებას მისცემს," - განუცხადა გამოცემას ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების კომისარმა პია სარივაარამ.