ფიცომ შმიჰალთან "ლუკოილის" ნავთობის ტრანზიტის შესახებ ისაუბრა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ტელეფონით ისაუბრა უკრაინელ კოლეგა დენის შმიჰალთან, რომლის დროსაც მან "ტექნიკური გადაწყვეტა" შესთავაზა უკრაინის გავლით რუსული, "ლუკოილის" ნავთობის ტრანზიტის აღდგენის მიზნით.
ამის შესახებ სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის პრესსამსახურმა 26 ივლისს განაცხადა.
ფიცომ თავის უკრაინელ კოლეგას რუსული ნავთობის ტრანზიტზე "ტექნიკური გადაწყვეტა" შესთავაზა, "რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის სლოვაკეთს."
"რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია სლოვნეფტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, რადგან ნავთობის ალტერნატიული წყაროები უფრო ძვირია და შესაძლოა ტექნოლოგიურად შეუსაბამო იყოს," - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობამ.
უნგრეთმა და სლოვაკეთმა მიიღეს გამონაკლისები ევროკავშირის მასშტაბით რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მაგრამ კიევმა ცოტა ხნის წინ გასცა "დრუჟბას" ნავთობსადენით ლუკოილის ნავთობპროდუქტების ტრანზიტის შეჩერების ბრძანება.
უკრაინა ამტკიცებს, რომ სხვა რუსული კომპანიების წყალობით მილსადენში ნავთობის იგივე რაოდენობა გადის, როგორც ადრე. უნგრეთი და სლოვაკეთი აცხადებენ, რომ კიევის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მათ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.