ფრანგული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები - მაკრონის გამოსვლა მოკლედ
ორშაბათს, 28 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფრანგი ელჩების წინაშე ორსაათიანი სიტყვით გამოვიდა.
მან ყოველწლიურ გამოსვლაში გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები შეაჯამა.
უსაფრთხოება და სტაბილურობა
გამოსვლა, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესწრებოდა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრით დაიწყო.
მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, განგრძობითი მშვიდობა დაძალებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ვერ მიიღწევა - ომის დასრულების პირობებმა "პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალს".
პრეზიდენტ მაკრონის თვალსაზრისით, NATO ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში კვლავ ცენტრალური მნიშვნელობისაა - მან ხაზი გაუსვა საფრანგეთის პირობას, რუმინეთში ჯარის გადასხმითა და ბალტიის ქვეყნების დახმარებით აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ ისაუბრა NATO-ს ფარგლებში ძლიერი "ევროპული სვეტის შესახებ: "ძლიერი ევროპული თავდაცვა NATO-ს მტერი ან პრობლემა არაა. პრიქით, სწორედ ამითაა ევროპა სანდო პარტნიორი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ინტეგრაცია და გაფართოება
ევროკავშირთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ბლოკი "ორმაგი მოძრაობის" წინაშეა, როცა, ერთის მხრივ, "არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მეტი ინტეგრაციისაკენ უნდა წავიდეს", მეორე მხრივ კი "გაფართოების გზას დაადგეს". გაფართოებაზე საუბრისას, მაკრონი, პირველყოვლისა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოიაზრებს - "რათა თავიდან ავირიდოთ სასოწარკვეთილების მომგვრელი დაუსრულებელი პროცესი".
მაკრონმა ისაუბრა "მრავალსიჩქარიანი ევროპის" იდეის შესახებაც - ეს გულისხმობს, რომ ევროკავშირის ფარგლებში, სახელმწიფოთა სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა დონის ინტეგრაცია ექნებათ სფეროების მიხედვით. პრეზიდენტის თქმით, ის ევროკავშირის ამგვარ განვითარებას მიესალმება და მის აზრებს უფრო დეტალურად მომდევნო თვეებში გაახმოვანებს.
ევროკავშირს გარეთ
მან ასევე დასძინა, რომ ევროპული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის გაძლიერება. მაკრონს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ინიციატივა, რომელსაც თავად ჩაუყარა საფუძველი, "საკვანძო მნიშვნელობის იქნება ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობაში".
ცალკეულ რეგიონებზე საუბრისას, ემანუელ მაკრონმა გამოყო კავკასიაც. მან ილაპარაკა ლაჩინის დერეფნის დიპლიმატიურ ინიციატივაზე და თქვა, რომ უახლოეს დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ისაუბრებს.
სანდო პარტნიორი
ემანუელ მაკრონის თქმით, მას სურს, რომ საფრანგეთმა გლობალურ გეოპოლიტიკურ არენაზე "სანდრო პარტნიორის" ფუნქცია აითვისოს, რომელიც "ეფექტურ მულტილატერალიზმს" უნდა ემსახურებოდეს. ამ კონტექსტში, მას სურს, აფრიკიდან დაიწყოს პარტნიორობის გადახედვა.
ემანუელ მაკრონმა ისაუბრა დეზინფორმაციასთან ბრძოლაზეც - პრეზიდენტის თქმით, მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როცა საქმე ანტი-ფრანგული განწყობების მიზანმიმართულ გაღვივებას ეხება.