ფრიდმანი ლუქსემბურგისგან თითქმის 16 მილიარდ დოლარს ითხოვს
რუსმა მილიარდერმა და Альфа-Групп-ის თანამფლობელმა მიხაილ ფრიდმანმა ლუქსემბურგის მთავრობას შესთავაზა დაიწყოს მოლაპარაკებები მისთვის 15.8 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდაზე, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში მისი აქტივების ჩამორთმევისთვის.
ამის შესახებ გაზეთი Ведомости 22 მაისს, ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ფრიდმანის მიერ მითითებული თანხა არის გაყინული აქტივების ღირებულების უხეში შეფასება: სანქციების გამო რუსი ბიზნესმენი ვერ ისარგებლებს ევროკავშირის ექსპერტ-შემფასებლების მომსახურებით, ხოლო მის ლუქსემბურგულ კომპანიებს ეკრძალებათ ფინანსური ინფორმაციის გაზიარება.
ფრიდმანი თვლის, რომ ლუქსემბურგმა მისი აქტივების გაყინვით დაარღვია 1989 წლის ხელშეკრულება ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელიც სსრკ-სთან (და რუსეთთან, როგორც მის სამართალმემკვიდრეთან) დაიდო.
როგორც Ведомости-ს წყაროები განმარტავენ, რუსმა ბიზნესმენმა წინადადება ლუქსემბურგის ხელისუფლებას თებერვალში გაუგზავნა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. თუ ის უარს იტყვის კომპენსაციის გადახდაზე, ფრიდმანი აპირებს მიმართოს გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიას ან სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს.
ამ დოკუმენტის მიხედვით, ერთი მხარის ინვესტორების მეორის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების ექსპროპრიაცია შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ არის დისკრიმინაციული.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, ევროკავშირმა დააწესა პერსონალური სანქციები Альфа-Групп-ის თანადამფუძნებლების, მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის წინააღმდეგ, პუტინის ადმინისტრაციასთან მათი "ძლიერი კავშირების" გამო.
2024 წლის აპრილში ფრიდმანმა და ავენმა მოახერხეს მათთვის დაწესებული თავდაპირველი სანქციების გასაჩივრება ევროკავშირის სასამართლოში და მოიგეს. სასამართლო აქტში ნათქვამია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ფრიდმანი და ავენი მხარს უჭერდნენ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.