ფრიდმანი უკრაინას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 1 მილიარდ დოლარს სთავაზობს

რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი უკრაინას სანქციების მოხსნაში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიარდ დოლარს სთავაზობს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს

გამოცემის ცნობით, შეთავაზება ფრიდმანის კუთვნილი ალფა ბანკის უკრაინული ფილიალის გავლით გაკეთდა - "უკრაინული ფილიალის ხელმძღვანელებმა კიევის ოფიციალურ პირებს მიმართეს წინადადებით - ნება დაერთოთ მისი კუთვნილი გაყინული ანგარიშებიდან 1 მილიარდი დოლარის უკრაინულ ანგარიშზე გადმორიცხვის შესახებ". 

ალფა ბანკის წარმომადგენლის რომან შპეკის თქმით, აღნიშნული თანხა უკრაინაში კრიტიკული მნშიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება. საუბარია სამედიცინო, საგანმანათლებლო და ენერგეტიკულ პროექტზე. 

ამავდროულად შპეკი უარყოფს, რომ თანხის სანაცვლოდ ოლიგარქმა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაში დახმარება მოითხოვა. 

კონტექსტი

მიხაილ ფრიდმანი 1990-იანი წლებში გამდიდრებული რუსი ოლიგარქია. ფრიდმანის საკუთრებაშია რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკი და ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი "LetterOne". 

ფრიდმანი და მისი ბიზნეს პარტნიორები პიოტრ ავენი და გერმან ხანი მარტის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირები არ დაუსანქცირებია აშშ-ს, მათ საკუთრებაში არსებული 'ალფა ბანკი' ამერიკის ხაზინის შავ სიაშია შეყვანილი. 

ბრიტანეთის მიერ სანქციების შედეგად დაყადაღდა ფრიდმანისა და მისი პარტნიორების აქტივები დიდ ბრიტანეთში, გაიყინა მათი კუთვნილი საბანკო ანგარიშები. 

რომან შპეკის თქმით, შეთანხმების შემთხვევაში ალფა ბანკის ფილიალი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი და სისტემური ბანკი გახდება, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. 

საინტერესოა, რომ თავად ფრიდმანი საბჭოთა უკრაინაში, ქალაქ ლვოვშია დაბადებული. არსებული ცნობებით ფრიდმანის მშობლები ამ დრომდე ლვოვში ცხოვრობენ. 

უკრაინაში 1 მილიარდი ევროს გადასარიცხად ფრიდმანს ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების სპეციალური ნებართვა დასჭირდება. შპეკის თქმით, შესაბამისი თხოვნით ბანკმა ევროპის საბჭოს გასულ კვირას მიმართა. 

1 მილიარდი დოლარის გამოყოფის შეთავაზებით ფრიდმანის წარმომადგენლებმა უკრაინის ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ ივნისში მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. 

იმის შესახებ, რომ უკრაინა განიხილავდა სპეციალური ფონდის შექმნას, რომელშიც სანქცირებულ რუსებს უკრაინისთვის ფულის გადარიცხვა შეეძლებოთად გასულ თვეებში აქტიურად საუბრობდნენ. 

მოსალოდნელია, რომ ფრიდმანის შეთავაზებასაც კიევი სწორედ უფრო ფართო პროექტის ფარგლებში უპასუხებს. 

მსგავსი სიახლეები