ფრიდრიხ მერცი გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერად აირჩიეს
გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ანგელა მერკელის ყოფილი ოპონენტი, მასზე კონსერვატორული და მემარჯვენე პოზიციების ფრიდრიხ მერცი გახდა.
მერცს პარტიის წევრების 62.1%-მა დაუჭირა მხარი.
მერცი ამ პოზიციაზე არმინ ლაშეტს ჩაანაცვლებს, რომელიც 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიის ლიდერობას ტოვებს.
66 წლის მერცი წელს ბუნდესტაგის წევრი გახდა. წარსულში ის ევროპარლამენტის წევრი, 2000-2002 წლებში ქრისტიან-დემოკრატების/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი იყო ბუნდესტაგში.
ანგელა მერკელთან შიდაპარტიული ბრძოლის წაგების შემდეგ 2004 წელს ის კერძო სექტორში წავიდა. მერცი რამდენიმე მსხვილი კომპანიის ბორდის წევრი იყო და მულტიმილიონერი გახდა.
2018 წელს ის პოლიტიკაში დაბრუნდა და ორჯერ წარუმატებლად სცადა პარტიის ლიდერის არჩევნებში გამარჯვება.
საბოლოოდ მან ამას 2021 წელს მიაღწია. მისი კონკურენტები ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ნორბერტ როტგენი და მერკელის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ჰელგე ბრაუნი იყვნენ.
მერცი დიდი ხანია პოზიციონირებს, როგორც სოციალურად კონსერვატორი და ეკონომიკურად ლიბერალი. ქრისტიან-დემოკრატების ახალი ლიდერი და მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მერკელმა პარტია ზედმეტად მარცხნივ წაიყვანა, რამაც ის იდეოლოგიურ საფუძვლებს მოწყვიტა.
ოპონენტები კი მერცს ელიტისტად და რეტროგრადად მიიჩნევენ.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობა პარტიის 400 000 წევრიდან 250 000-მა მიიღო.