ფრონტის ხაზი: 8 ივნისის 10 მთავარი ამბავი უკრაინიდან
მომვალი ზამთარი ბოლო 30 წელიწადში "ყველაზე რთული" იქნება, რადგან რუსეთის ინტერვენციას ენერგეტიკული კრიზისის საფრთხეც ახლავს, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:
- "ყველაზე რთული ზამთარი": ზელენსკის თქმით, უკრაინა "საფრთხის წინაშეა, რომ ვერ შეიძინოს საკმარისი რაოდენობის გაზი გასათბობად, ქვანახშირის მოპოვებისა და ელექტროენერგიის საწარმოებლად," რადგან ელექტროსადგურები, რომლებიც რუსთის აგრესიის გამო დაზიანდა ან განადგურდა, ელექტროენერგიას ვერ აწარმოებენ. "რუსეთის აგრესიის გამო ეს ნამდვილად იქნება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ყველაზე მძიმე ზამთარი," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
- ომის დანაშაულების ჩანაწერები: ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში "წამების წიგნი" შეიქმნება, სადაც რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეების დოკუმენტირება მოხდება.
- სახმელეთო დერეფანი ყირიმისკენ: რუსეთი აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმისკენ სახმელეთო კორიდორი გახსნა, რომლითაც ადამიანები და ტვირთები გადაადგილდებიან. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ მუშაობენ 1200 კილომეტრიანი რკინიგზის აღდგენაზე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე გაივლის და რუსეთს ყირიმთან დააკავშირებს.
- ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინაში: უკრაინული ჯარები სევეროდონეცკის ქუჩებში რუს ოკუპანტებს ებრძვიან. Maxar Technologies სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ ქალაქ სევეროდონეცკსა და რუბიჟნეში რუსებმა ორი საავადმყოფო გაანადგურეს.
- რეფერენდუმი მელიტოპოლში: ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჩავიდნენ და რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმისთვის მზადების პროცესს გაეცნენ.
- ცხედრების დაბრუნება: უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მარიუპოლის 200-ზე მეტი დამცველის ცხედარი გადმოასვენეს. მათი უმრავლესობა აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას იცავდა.
- საზღვაო დერეფნები: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ორი ჰუმანიტარული საზღვაო დერეფანი შექმნეს, რომლებიც გემებს დაეხმარება შავი და აზოვის ზღვის წყლებში მოძრაობაში.
- ქოლერას რისკი მარიუპოლში: მარიუპოლის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რუსი ოკუპანტები ქალაქში კარანტინის დაწესებას გეგმავენ, რადგან ნაგავი და ათასობით დაღუპულის გახრწნილი ცხედარი სასმელ წყალს აბინძურებს, რაც ქოლერას და სხვა დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის.
- მერკელი პუტინზე: გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა როცა უკრაინაში შეიჭრა და მისი თქმით, ის დარწმუნეული იყო, რომ პუტინის მმართველობის პერიოდში უკრაინის ნატოში შესვლისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთთან ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.
- "სიძულვილით სავსე" მედვედევი: რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში მტრებს "გაქრობით" დაემუქრა. "ხშირად მეკითხებიან, რატომ არის ჩემი Telegram პოსტები ასეთი მკაცრი. პასუხი ესაა - მეზიზღება ისინი", - თქვა მან. "ისინი ნაძირლები არიან. მათ ჩვენი მოკვლა უნდათ, რუსეთის. და სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი გაქრნენ."
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.