фСБ-ს ნაცვლად ГРУ - პუტინმა უკრაინის ომზე პასუხისმგებელი უწყება შეცვალა
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით ამიერიდან უკრაინაში მიმდინარე ომის სადაზვერვო ნაწილს არა ФСБ [ფედერალური უსაფრთხოების სამსახური] არამედ, ГРУ [მთავარი სადაზვერვო სამმართველო] უხელმძღვანელებს.
ასეთ ინფორმაციას რუსეთის სპესამსახურების მკვლევარები და ვებ-გვერდ Агентура.Ру-ს დამფუძნებლები, ირინა ბოროგანი და ანდრეი სოლდატოვი ავრცელებენ.
ავტორების ცნობით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთ ხელმძღვანელად ГРУ-ს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევი დაინიშნა.
სხვადასხვა ცნობებით, ალექსეევი რუსეთის სამხედრო-სადაზვერვო ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენელია.
ალექსეევი მონაწილეობდა ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის ოპერაციაში. ის ჩართული იყო 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებშიც.
ამ დრომდე ალექსეევის ფიგურა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით არ ფიგურირებდა, ასეთი ცნობები რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში გასულ კვირას გავრცელდა.
ერთ-ერთ პროპაგანდისტულ პლატფორმაზე განთავსებულ მასალაში ვლადიმირ ალექსეევი იმ უმაღლეს სამხედრო პირების წრეში აღმოჩნდა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ხელმძღვანელობენ.
ალექსეევის დანიშვნა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ ამ დრომდე უკრაინის საკითხი ФСБ-ს მეხუთე დეპარტამენტის განკარგულებაში იყო. სწორედ ეს დეპარტამენტი ახდენდა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინფორმირებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ვლადიმირ პუტინსაც.
მაღალი ალბათობით, ФСБ-ს ჩაჩოჩება ომის კატასტროფულ პირველ ფაზას, არასწორ ინფორმაციას, დასავლეთის მიერ რუსეთის გეგმების აბსოლიტური სიზუსტით გასაჯაროებას და უკრაინაში რუსეთის მხარდამჭერი გამოსვლების არარსებობას უკავშირდება.
არაერთი წყაროს ინფორმაციით, ლე-ფორტოვოს ციხეში აღმოჩნდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალი ანდრეი ბესედაც, რომელიც 2014 წელს მაიდანის დღეებში ვიქტორ იანუკოვიჩს ადგილზე პროტესტის ჩახშობაში ეხმარებოდა.
ვინ არის ვლადიმირ ალექსეევი?
მკვლევარების ცნობით, ალექსეევი სამხედრო-მზვერავების განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნება - ალექსეევმა კარიერა ГРУ-ს სპეცრაზმში დაიწყო. მოგვიანებით ალექსეევი სამმართველოს 14-ე დირექტორატს ხელმძღვანელობდა, სწორედ ამ განყოფილების განკარგულებაში შედიოდა სპეცრაზმი და სხვა გასამხედროებული ნაწილებიც.
ГРУ-ს უფროსის მოადგილედ ვლადიმირ ალექსეევი 2011 წელს დაინიშნა. მკვლევარების აზრით, ალექსეევის დაწინაურება სერგეი შოიგუს მიდგომას უკავშირდება, რომელსაც ФСБ-ს გავლენის შემცირება სურდა, რისთვის წინ უმეტესად სამხედრო წარსულის მზვერავები წამოწია.
ალექსეევი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ორივე ომში, ასევე, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. მისი თანამშრომლები მას სასტიკ და თავდაჯერებულ ადამიანად ახასიათებენ.
საინტერესოა, რომ ვლადიმირ ალექსეევი 1961 წლის აპრილში უკრაინაში, ვინნიცის ოლქში მდებარე სოფელ, გოლოდკიში დაიბადა. 1984 წელს დაამთავრა რიაზანის სამხედრო სასწავლებელი.
სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა მოსკოვისა და შორეული-აღმოსავლეთის გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს. აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთის ორივე ომში.
სწორედ ალექსეევი ხელმძღვანელობდა სამხედრო მზვერავების მოქმედებას სირიაში. 2017 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობის მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება, გამორჩევის განსაკუთრებული ნიშნით - ოქროს ვარსკლავით.
საინტერესოა, რომ უკრაინული მედიის ცნობით, ალექსეევის ძმა, იური ამ დრომდე უკრაინაში ცხოვრობს და თავის ძმას საჯაროდაც მიმართა და მოუწოდა უარი ეთქვა რუსეთის არმიაში სამსახურზე.
არსებითად სწორედ სამხედრო მზვერავები აწვდიან ინფორმაციას და კოორდინატებს როგორც საარტილერიო, ასევე, საავიაციო ნაწილებს და სარაკეტო დანაყოფებს.