FT: ამერიკული დახმარების შეწყვეტის შემდეგ უკრაინას მარაგები 2-3 თვე ეყოფა

დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერების შემდეგ კიევს არსებული მარაგები ბრძოლის მიმდინარე ტემპების გასაგრძელებლად 2-3 თვე ეყოფა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე ცნობით Financial Times ავრცელებს.
საყურადღებოა, რომ ეს ვადა ბევრად უფრო ნაკლებია სხვა მედიების მიერ გავრცელებულ ცნობებზე, რომელთა მიხედვითაც არსებული ტემპებით ბრძოლის გასაგრძელებლად უკრაინის მარაგები 6 თვემდე გასტანდა.
"2-3 თვის შემდეგ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, ეს არ იქნება კოლაფსი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს უფრო სწრაფად დავტოვოთ ტერიტორიები"- ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
შეფასებას იზიარებს კარნეგის ფონდის უფროსი სამხედრო მკვლევარი მაიკლ კოფმანი - მისი თქმით, ამერიკული დახმარების პირველი შესამჩნევი შედეგებს უკვე გაზაფხულს მიწურულს დავინახავთ.
"პირველ რიგში ეს აისახება უკრაინის შესაძლებლობებზე განახორციელოს მაღალი სიზუსტის დარტყმები შედარებით შორეულ მანძილებზე"-ამბობს კოფმანი.
უკრაინელი ანალიტიკოსების ცნობით, ამერიკული დახმარების შეჩერება ყველაზე სარისკოა HIMARS-ების კუთხით, რომლის ჩანაცვლებაც უკრაინას არსებულ ვითარებაში უბრალოდ არ შეუძლია.
კონტექსტი
ამერიკული მედიების ცნობით, გასული ღამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის იმ დახმარების, რომელიც უკვე გზაშია.
NBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძირითადად ჯავშანტექნიკის მიწოდებას შეეხება.
ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული სარკინიგზო ეშელონების შეჩერება დაადასტურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
აშშ-ს ჯერჯერობით არ შეუჩერებია უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება.
ამის შესახებ კიევში The Economist-ის კორესპონდენტი, ოლივერ კეროლი იუწყება.
"ჩემი წყაროები უკრაინულ დაზვერვაში მეუბნებიან, რომ სამხედრო დახმარების შეჩერება ჯერჯერობით ძირითადად მედიური მიზნებს ემსახურება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ჯერჯერობით არ არის არანაირი ცვლილება სადაზვერვო მონაცემების გადაცემასა და სხვა საკვანძო სამხედრო დახმარების მიღების კუთხით. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება არ არის მიღებული"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).