FT: ჩვკ ვაგნერი ჩინეთისგან შეიარაღების ყიდვას ცდილობდა, თუმცა უარი მიიღო
წლის დასაწყისში ჩვკ ვაგნერი ჩინეთისგან შეიარაღების ყიდვას ცდილობდა, თუმცა წარუმატებლად.
ამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებშია საუბარი, რომელსაც Financial Times გაეცნო.
გაზეთის ვერსიით ჩვკ ვაგნერის მიერ ჩინეთთან პირდაპირ კავშირზე გასვლა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში საკმარისად თავდაჯერებულები არიან, რომ ეკონომიკური დახმარების გარდა ჩინეთი მზად იქნება შეიარაღების გადასაცემადაც.
საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით ვაგნერის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა - "იანვრის მდგომარეობით ჩინეთს არ გადაუცია არანაირი შეიარაღება ვაგნერისთვის და არ დაუბრუნებია პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით",- ნათქვამია საიდუმლო დოკუმენტში.
კონტექსტი
გასულ თვეებში ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემას განიხილავდა, თუმცა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
მოსკოვში სი ძინფინგის 3-დღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეიარაღების გადაცემის საკითხი მხარეებს ღიად არ განუხილავთ. ამგვარი შეთანხმება არ არის იმ დოკუმენტების ჩამონათვალში, რომელზეც მხარეები ვიზიტის დროს შეთანხმდნენ.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სინოლოგი მიუთითებს, რომ ორმხრივ შეხვედრებში რუსეთის მხრიდან მონაწილეობდნენ სამხედრ-ინდუსტრიული კომპლექსის საკვანძო ფიგურები. მათ შორის სერგეი შოიგუ, РОСОБОРОНЕКСПОРТ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, დმიტრი შუგაევი და იური ბორისოვი, РОССКОСМОС-ის დირექტორი.
გარდა ამისა გასულ კვირას კრემლს ეწვია ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ. პუტინთან შეხვედრაზე ჩინელმა მაღალჩინოსანმა მადლობა გადაუხადა ვლადიმირ პუტინს მთელ მსოფლიოში მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.