FT: უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ტყვეების გაცვლის შესახებ
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები კურსკის ოლქში ორივე მხარის მიერ დატყვევებული სამხედროების გაცვლის შესახებ.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული Financial Times ავრცელებს.
უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ ტყვეების გაცვლის საკითხზე მას უკვე დაუკავშირდა რუსი ომბუდსმენი, ტატიანა მოსკალკოვა.
საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ადასტურებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო, რომელიც სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებს კურირებს.
ლუბინეცის თქმით, კურსკის ოლქში დატყვევებული რუსების მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას ფლობს როგორც გაერო, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
კონტექსტი
კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული იერიშის ფარგლებში ტყვეობაში აღმოჩნდა ბევრი რუსი ჯარისკაცი, მათი უმეტესობა წვევამდელები არიან, გარდა ამისა ცნობილია სპეცრაზმ ახმატის მებრძოლების დატყვევების შესახებაც.
დამოუკიდებელი OSINT ანალიტიკოსების მიერ იდენტიფიცირებულია სულ ცოტა 223 რუსი სამხედრო ტყვე, თუმცა მოსალოდნელია, რომ რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.
უკრაინული წყაროების ცნობით, ქვეყანა შეეცდება კურსკში დატყვევებული სამხედროები "ყველა ყველაზე" ფორმულით გაცვალონ. მოსალოდნელია, რომ უკრაინის მთავარი პრიორიტეტი მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნილი აზოვის 800-მდე მებრძოლის გათავისუფლება იქნება, რომელზეც რუსეთი ამ დრომდე უარს ამბობდა.