G7: არ ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიაზე ცრუ "რეფერენდუმებს"
"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები არ აღიარებენ "რეფერენდუმების" შედეგებს, რომლებსა რუსი ოკუპანტები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებენ. შესაბამისი განცხადება მათ Twitter-ზე 23 სექტემბერს გაავრცელეს.
"ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებს და ვუპასუხებთ შემდგომი მიზანმიმართული სანქციებით. ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები, რუსეთის ბირთვული რიტორიკა უპასუხისმგებლოა - G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი ნიუ-იორკში", - ნათქვამია განცხადებაში.
BBC-ის ცნობით, დღეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში რუსმა ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ფსევდორეფერენდუმების გამართვა დაიწყეს.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ მოქალაქეებს "რეფერენდუმში" მონაწილეობის მიღებას აიძულებენ. მისი თქმით, საარჩევნო უბნები მაღაზიებსა და კაფეებშია განთავსებული, თუმცა პრაქტიკულად ცარიელია და ხმის მიცემის ჯიხურები არ არის.
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოლაბორაციონისტებს და ფსევდორეფერენდუმების ორგანიზებაში ჩართულ პირებს "სასამართლო ელით".