გაბრიელ ატალი: საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი...გზა პრეზიდენტობამდე?
ახალი წელი საფრანგეთში მკვეთრი პოლიტიკური ცვლილებით დაიწყო - პრემიერ მინისტრის პოსტიდან ელიზაბეტ ბორნი გადადგა, ხოლო, მის ნაცვლად, ემანუელ მაკრონმა 34 წლის გაბრიელ ატალი წარადგინა, რომელიც ბოლოს განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა.
მძიმე პოლიტიკური წლის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ კაბინეტის განახლება მოულოდნელი არ ყოფილა. გასული 20 თვის განმავლობაში, ბორნის მთავრობას მტკივნეული რეფორმების გატარება მოუწია, მათ შორის გამოსარჩევია საპენსიო და საემიგრაციო კანონის გამკაცრება, რასაც ქვეყნაში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.
ეს იმ ფონზე, როდესაც მაკრონის პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რის გამოც, ბორნის მთავრობას ეროვნულ ასამბლეაში კონსესუსის ძიება უწევდა, რაც ხშირად წარუმატებლად სრულდებოდა და კონსტიტუციის 49.2 მუხლის გამოყენება - ანუ ეროვნული ასამბლეი გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღება უწევდა.
ამ ფონზე, გაბრიელ ატალი საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა, რითიც სოციალისტი ლორენ ფაბიუსის რეკორდი გააუმჯობესა. იგი 37 წლის იყო, როდესაც 1984 წელს ფრანსუა მიტერანმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა.
ვინ არის გაბრიელ ატალი?
გაბრიელ ატალის მამა, ებრაული წარმომავლობის ადოვკატი და კინო პროდსიური იყო, ხოლო დედამისი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, წარმოშვებით ოდესაში მცხოვრები რუსული ოჯახიდან გახლდათ. საკუთარ დებთან და ძმებთან ერთად, გაბრიელ ატალი დედამ მართლმადიდებლური წესით აღზარდა, თუმცა ახლა, რელიგიური პრაქტიკით აღარ არის დაკავებული.
Le Monde-თან ინტერვიუში გაბრიელ ატალი იხსენებს, რომ მამამისი მემარცხენე პოლიტიკური ძალების მხარდამჭერი იყო, ხოლო დედის არჩევანი ბოლოს მემარჯვენე ბანაკისკენ გადმოიხარა.
მომავალმა პრემიერ-მინისტრმა სკოლა და უნივერსიტეტი პარიზში დაამთავრა, რის შემდეგაც, პოლიტიკაში, ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო. თუმცა, იქამდე, მისი პოლიტიკური მისწრაფებები არ გამოპარვიათ კურსელებს, რომლებიც ჯერ კიდევ სტუდენტ "გაბის" მომავლ პრეზიდენტად ხედავდნენ.
გაბრიელ ატალის თქმით, სწავლის დროს, იგი არაერთხელ გამხდარა ჰომოფობიური თავდასხმის მსხვერპლი. ბულინგის მხრივ, მან ყოფილი კურსელი, ხუან ბრანკო გამოარჩია, რომელიც მოგვიანებით, ჟულიან ასანჟის ადვოკატი იყო.
მას ასევე ღიად აქვს ნათქვამი, რომ გეია და სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება ევროპარლამენტარ სტეფან სეჟურნესთან, რომელიც მაკრონთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.
პოლიტიკური კარიერა
ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად და ე.წ "სფიჩრაითერად" მუშაობის შემდეგ, 2014 წელს გაბრიელ ატალმა მუნიციპალურ არჩევნებში სცადა ბედი, სადაც "სოციალისტური პარტიის" წევრის რანგში გაიმარჯვა და ქალაქ ვანვში შეუდგა მუშაობას.
2016 წელს, ატალმა დატოვა სოციალისტური პარტია, საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ემანუელ მაკრონს დაუჭირა და მის პარტია En Marche-ში (ახლა Renaissence-ის სახელით ცნობილი) გაწევრიანდა.
მომდევნო წელს, იგი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი გახდა, სადაც გამოირჩა საორგანიზაციო ნიჭითა და პარტიული დისციპლინის გამართვით. მოგვიანებით, Renaissence-ის საპარლამენტო სპიკერი გახდა, იქამდე, სანამ 2018 წელს პარლამენტი არ დატოვა და მთავრობაში გადაინაცვლა.
29 წლის ასაკში, გაბრიელ ატალი ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდების "ჯუნიორ მინისტრად" (Secrétaire d'État) დაინიშნა, რითიც საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა.
მისი მორიგი კარიერული წინსვლა ჟან კასტექსის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდება, როდესაც მთავრობის სპიკერის პოსტზე გადაინაცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში, გაბრიელ ატალს მოუწია ისეთ გამოწვევებით სავსე პერიოდში მუშაობა, როგორიც არის კორონავირუსის პანდემია და ემანუელ მაკრონის პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევა.
2022 წელს, კასტექსის პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, მისი ადგილი ელიზაბეტ ბორნმა დაიკავა, რომლის კაბინეტშიც გაბრიელ ატალმა ორ სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა, უკანასკნელად განათლების მინისტრის პოზიციაზე.
ამ პოსტზე ყოფნისას, მის სახელს უკავშირდება ისლამური თავსაბურავის "აბაიას" აკრძალვა, სკოლებში უნიფრომის დაბრუნების საკითხი, ასევე გააფართოვა იმ რელიგიური სიმბოლოების ჩამონათვალი, რომლის გამოყენებაც საჯარო სკოლებში იკრძალება.
გარდა ამისა, იგი აქტიური დამცველი იყო მაკრონის მიერ დაპირებული საპენსიო რეფორმის, რომლის თანახმადაც საფრანგეთში საპენსიო ასაკის ქვედა ზღვარი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა.
ფავორიტი მაკრონის მემკვიდრეებში?
ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე 3 წელია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მემკვიდრეზე საუბარი, დროის გასვლასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდება.
ამ სიაში, მოწინავე ადგილი უკავია გაბრიელ ატალს, რომელიც გამოკითხვების თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი პოლიტიკოსია. თუმცა, თავად ატალი, ამ საკითხზე კომენტარისგან ყოველთვის თავს არიდებდა.
"ისინი, ვინც ხუთი წლის შემდეგ განსახორციელებელ მოვლენებზე საუბრობენ, არ უწყობენ ხელს ნდობის შექმნას საფრანგეთის მოქალაქეებში, რომლებიც ქმედებებს ჩვენგან დღეს ელოდებიან..."- განაცხადა ატალამა ერთ-ერთ ინტერვიუში, რითიც საკუთარი პოზიციის ხაზგასმის გარდა, კბილი საფრანგეთის მოქმედ შსს-ს მინისტრს, ჟერალდ დარმანანს გაჰკრა, რომელმაც 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე ირიბად ისაუბრა.
ამ უკანასკნელთან, რომელიც მკვახე და ხისტი განცხადებებით გამოირჩევა, გაბრიელ ატალს არცთუ ახლო ურთიერთობა გააჩნია, თუმცა, ამ მომენტში, ორი პოტენციური კონკურენტი, ერთმანეთზე "თავდაუსხმელობის შეთანხმებას" იცავენ.
კიდევ ერთი პოტენციური კონკურენტი ედუარდ ფილიპია, რომელიც ემანუელ მაკრონის პირველი მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო ახლა ქალაქ ავრის მერის პოსტს იკავებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, ხშირად, გაბრიელ ატალის შემდეგ, ფილიპი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია, რომლის მოწონები მაჩვენბელიც 35%-ი ირგვლივ მერყეობს
თუმცა, ეს ორი კანდიდატი, განსაკუთრებით დარმანინი, ძირითადად მემარჯვენე ელექტორატის მხარდაჭერის იმედად არიან, განსხვავებით გაბრიელ ატალისგან, რომელსაც მაკრონის მიერ გაკვალული ცენტრისტული გზის გავლა სურს.
ცხადია, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება 2027 წელს, თუმცა ამ მომენტისთვის ჩანს, რომ სოციალისტური პარტიის ყოფილი წევრი და მოქმედი პრემიერი, სიმპათიებს იმსახურებს, როგორც ცენტრისტულად, ასევე მემარჯვენედ განწყობილი ელექტორატისგან.
ამის მაგალით იყო საქებარი სიტყვები "რესპუბლიკელების" ლიდერის ერიკ სიოტის მიერ, როდესაც სკოლებში ისლამური "აბაია" აიკრძალა, ან ყოფილმა პრეზიდენტის, კონსერვატორი ნიკოლა სარკოზის მიერ ატალზე დადებით კონტექსტში საუბარი.
თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ჯერ მიმდინარე წლის ევროპარლამენტის არჩევნებია, სადაც გაბრიელ ატალი, არცთუ სასურველ ფორმაში მყოფი სახელისუფლებო პარტიისთვუს რეიტინგის გაზრდას შეეცდება, რომელსაც მემარჯვენე და ულტრა-მემარჯვენე პარტიებთან დაძაბული ბრძოლა ელის.
ასევე, გამოწვევად რჩება ეროვნული ასამბლეა, სადაც აბსოლუტური უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, მაკრონის მთავრობას სხვადასხვა ძალებთან კონსესუსის ძიება კვლავ მოუწევს. ამ კონტექსტში, საინტერესო იქნება, რამდენად წარმატებით გაართმევს გაბრიელ ატალი დაკისრებულ მოვალეობას თავს.
შეიძლება ითქვას, რომ გაბრიელ ატალის კარიერა, აქამდე უნაკლოდ და ძალიან სწრაფად პროგრესირებდა, ხოლო ახლა მთავარი გამოცდა ელოდება - რთულ დროს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობების ისე შესრულება, რომ ეს პოსტი მისთვის ტრამპლინად იქცეს და არა პოლიტიკურ ბოლო გაჩერებად.