გაერო: ექვს მილიონამდე ავღანელს შიმშილი ემუქრება
გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ ექვს მილიონამდე ავღანელს ზამთარში შიმშილი ემუქრება.
გაეროს მაღალჩინოსანი ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად 700 მილიონი დოლარის სახსრების მოძიებას ითხოვს.
გრიფითსის თქმით, 24 მილიონამდე ავღანელი - მოსახლეობის ნახევარზე მეტი - სხვადასხვა ტიპის შემწეობას საჭიროებს.
„დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. სახსრები შემდეგ სამ თვეში უნდა მოვიძიოთ“, - განაცხადა გაეროს მაღალჩინოსანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ავღანეთის ხელისუფლებაში გასულ წელს ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი მოვიდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა საერთაშორისო სამხედრო მისიამ დატოვა.
საერთაშორისო თანამეგობრობამ ავღანეთს ფინანსური დახმარება მკვეთრად შეუზღუდა, მაშინ, როცა საერთაშორისო გრანტები ავღანეთის ბიუჯეტის სამ მეოთხედს ავსებდა.