გაერო: ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს

 

ბირთვული შეთანხმების მიუხედავად, ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს, აცხადებს გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტო (IAEA).

სააგენტოს თანამშრომლებმა ირანში ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული სადგური შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ თეირანი ურანის 20 %-მდე გამდიდრებას ეწევა, რაც სამოქალაქო ენერგეტიკისთვის დასაშვებ ნორმას აღემატება.

ირანული მხარე გაეროს უწყების ინფორმაციას ადასტურებს.

IAEA-ს ბოლო ანგარიშის გამოქვეყნება ვენაში გამართულ მოლაპარაკებებს დაემთხვა, რომელიც მიზნად ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას ისახავს.


2015 წელს დადებული ხელშეკრულება ირანში ბირთვული ენერგეტიკის სამხედრო მიზნებით გამოყენების შეზღუდვას ისახავდა მიზნად - თეირანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

შეთანხმება 2018 წელს აშშ-მ დატოვა, თუმცა პრეზიდენტი ბაიდენი ირანთან მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

ხელშეკრულების სხვა მხარეებს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი და საკუთრივ ირანი წარმოადგენენ.

ვენაში 29 ნოემბერს განახლებულ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ისრაელმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შეატყობინა, რომ ირანი ურანის 90%-მდე გამდიდრებას აპირებს, რაც მას ბირთვული იარაღის წარმოების საშუალებას მისცემს.

 

 

მსგავსი სიახლეები