გარდაიცვალა ჟაკ დელორი - თანამედროვე ევროპის კავშირის არქიტექტორი
1985-1995 წლებში ევროპული კომისიის პრეზიდენტი და თანამედროვე ევროპის კავშირის არქიტექტორი, ჟაკ დელორი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
”მისი ვალდებულება, მისი იდეალები და მისი სამართლიანობა ყოველთვის შთაგვაგონებს”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟაკ დელორს "დიდი ფრანგი და დიდი ევროპელი" უწოდა, რომელიც "ისტორიაში შევიდა, როგორც „ევროპის ერთ-ერთი მშენებელი“.
ჟაკ დელორი 1940-1960-იან წლებში საბანკო და სახელმწიფო დაგეგმარების მიმართულებით საფრანგეთის ბანკში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 1969 წელს ის სოციალურ საკითხებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟაკ ჩაბან-დელმასის მრჩეველი გახდა, 1974 წელს კი სოციალისტურ პარტიას შეუერთდა. 1979 წელს ჟაკ დელორი ევროპარლამენტის წევრად აირჩიეს, 1981 წელს კი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა მიტერანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. 1985-1995 წლებში ის ევროპული კომისიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დაამტკიცა ევროპის კავშირმა შენგენის შეთანხმება, „ერთიანი ევროპული აქტი“ და მაასტრიხტის ხელშეკრულება.
დელორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკური და მონეტარული კავშირის გეგმის შემუშავებაში, რამაც ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროს ვალუტის შექმნა გამოიწვია.