გეორგიცა ვლადი: უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი არ გაჩერდება
რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გეორგიცა ვლადის განცხადებით, უკრაინასთან ომში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია არ გაჩერდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ესკალაციას მიმართავს“ - გეორგიცა ვლადი.
მისი აზრით, რუმინეთმა და NATO-ს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომების (იარაღის მარაგების შევსება, მოსახლეობის გადამზადება) გატარება უნდა დაიწყონ იმისთის, რომ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს მომზადებული შეხვდნენ.
გეორგიცა ვლადი მხარს უჭერს რუმინეთის პარლამენტის მიერ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის დამტკიცებას, რომელიც რუმინეთის მოსახლეობას (18-დან 35 წლამდე ქალები და მამაკაცები) იარაღის სროლის ნებაყოფლობით სწავლის და თავდაცვის უნარის გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს.
„რუსეთის ფედერაცია პრობლემა გახდა მსოფლიო წესრიგისა და დემოკრატიისთვის. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინასთან, ეს არის ომი დემოკრატიულ სამყაროსთან“ , - გეორგიცა ვლადი.
რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის სამიზნე მოლდოვა გახდება. ამას გარდა, მოსკოვი პოლიტიკური არასტაბილურობისა და ქაოსის შექმნას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებშიც ეცდება.