გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ

გერმანიის ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, გერმანიის ახალი მმართველი კოალიციის შესაძლო პარტნიორები - ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ბავარიულმა ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU) და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 8 მარტს, შეძლეს კომპრომისის მიღწევა მთავარ საკითხებზე.

ახლა მხარეები მზად არიან დაიწყონ კონკრეტული მოლაპარაკებები მთავრობის ფორმირებაზე.

მხარეებმა მოახერხეს პოზიციების შეჯერება თავშესაფრის მაძიებლებისთვის პირდაპირ გერმანიის საზღვარზე უარის თქმის შესაძლებლობის შესახებ. ეს იყო CDU/CSU-ს მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაზეც SPD-მ არაერთხელ გამოთქვა სკეპტიციზმი.

CDU-ს თავმჯდომარემ და გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, დოკუმენტების კონტროლი გერმანიის საზღვრებზე "მასიურად" უნდა გაფართოვდეს. გარდა ამისა, კიდევ უფრო შეიზღუდება ლტოლვილების მიერ ოჯახის წევრების გერმანიაში შეყვანა.

ეკონომიკური განვითარების დაჩქარების მიზნით, გერმანიის მმართველი კოალიციის მომავალი პარტნიორები გეგმავენ მიიღონ ზომები ინვესტიციების მოსაზიდად და კორპორაციული დაბეგვრის სფეროში რეფორმის გატარებას.  

CDU-ს ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, ასევე SPD-ის თანათავმჯდომარემ ლარს კლინგბეილმა განაცხადეს, რომ აპირებენ პარტიების მმართველ ორგანოებს რეკომენდაცია მისცენ დაამტკიცონ კოალიციაზე მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყება.

თავის მხრივ, ბავარიული CSU-ს თავმჯდომარემ და ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზოდერმა, წინასწარი მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ "არ არსებობენ დამარცხებულები და გამარჯვებულები, არამედ ახალი პარტნიორები."  

ფრიდრიხ მერცმა ადრე თქვა, რომ აპირებს კოალიციური მოლაპარაკებების კათოლიკურ აღდგომამდე, 20 აპრილამდე დასრულებას.

23 თებერვალს გამართულ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებზე პირველ ადგილზე CDU/CSU გავიდა - 28.5%, SPD კი მესამე ადგილზე - 16.4%-ით.

მსგავსი სიახლეები