გერმანელმა მკვლევარმა რუსეთს სარაკეტო საიდუმლოებები გადასცა
გერმანიის პროკურატურის ცნობით, მათ ბავარიის უნივერსიტეტის ყოფილი მკვლევარი დააკავეს, რომელმაც რუსული დაზვერვის ოფიცერს ევროპული სარაკეტო პროგრამა Ariane-თან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცა.
ბრალდებულმა სანაცვლოდ 2500 ევრო მიიღო.
"2019 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული რეგულარულად ხვდებოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Ariane-ის პროექტი 1970-იან წლებში დაიწყო, რათა ევროპულ ქვეყნებს საკუთარი რაკეტებით გაეტანათ თანამგზავრები კოსმოსში.
რაკეტის ბოლო მოდელი Ariane 6-ია, რომელიც წელს პირველად უნდა გაუშვან კოსმოსში საფრანგეთის გვინეიდან.
გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია. დეკემბერში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.