გერმანია: 22 წლის ბავარიელი პოლიტიკოსი ნაცისტური მასალის შენახვისთვის დააკავეს

გერმანიაში დააკავეს 22 წლის პოლიტიკოსი დანიელ ჰალემბა, რომელსაც ნაცისტური მასალის შენახვას ედავებიან.

ნაცისტური სიმბოლიკის შენახვა გერმანიაში კანონით ისჯება.

დანიელ ჰალემბა, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წარმოადგენს, რამდენიმე კვირის წინ ბავარიის პარლამენტის წევრად აირჩიეს.

მიმალვა და დევნა

პარასკევს ბავარიის ქალაქ ვიურცბურგის პროკურატურამ დანიელ ჰალემბას დაკავების ორდერი გასცა.

ორშაბათს კი ბავარიის პარლამენტის ახალი მოწვევა უნდა ჩატარებულიყო, რაც ჰალემბას საპარლამენტო იმუნიტეტს მისცემდა. პოლიციამ ის ორშაბათის დილამდე ვერ იპოვა.

საბოლოოდ, პოლიტიკოსი ორშაბათს, დილის 8 საათზე აიყვანეს ბავარიის მეზობელი მიწის, ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ შტუტგარტში.

თავის მხრივ, სამართლებრივად შესაძლებელი იქნებოდა საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნაც, თუმცა დიდი ალბათობით, ეს ცხარე პოლიტიკურ დისკუსიას გამოიწვევდა.

"პრაღის ტევტონია"

დანიელ ჰალემბა სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში სტუდენტური საძმოს, "პრაღის ტევტონიის" წევრობის გამო მოექცა.

სექტემბერში ვიურცბურგის მოქალაქეებმა იჩივლეს, რომ საძმოს წევრების შეხვედრებიდან ნაცისტური შეძახილი "Sieg Heil" ესმოდათ. ამას პოლიციის რეიდი მოჰყვა.

თავად ჰალემბა საძმოს წევრობიას აღიარებს. მას საძმოს ოთხ დანარჩენ წევრთან ერთად ნაცისტური სიმბოლიკის შენახვა ედება ბრალად.

მისი პარტია საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

 

მსგავსი სიახლეები