გერმანია აცხადებს, რომ პირველ Leopard 2-ს უკრაინა მარტის ბოლოს მიიღებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა სამშაბათს კიევში ვიზიტისას დაასახელა გერმანული Leopard 2A6 საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემის თარიღი.
"უკრაინის მხარდაჭერისთვის შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები: თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი დღეს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. Leopard 2A6 ძირითადი საბრძოლო ტანკები გერმანიიდან უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავა." - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
25 იანვარს გერმანიის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ამისა, გერმანიის უშიშროების ფედერალურმა საბჭომ დაამტკიცა უკრაინისთვის სამრეწველო მარაგებიდან 178 Leopard 1 ტანკის მიწოდება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კიევში თავის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს 80 Leopard 1, ხოლო პირველი ორი ათეული - ზაფხულამდე.