გერმანია: მალიმ რუსულ ‘ვაგნერთან’ თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მალის სამხედრო ხუნტას რუსულ სამხედრო დაჯგუფება ვაგნერთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდა.
"ბერლინი დასავლეთაფრიკულ ქვეყანას იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ მალი არჩევნებს დანიშნავს და პოლიტიკურ რეფორმებს გაატარებს", - განაცხადა ბერბოკმა მალის დედაქალაქ ბამაკოში ვიზიტისას.
მალის დროებითმა პრეზიდენტმა ასიმი გოიტამ, რომელიც ხელისუფლებაში 2020-21 წლებში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა, არჩევნების ჩატარება ხუთი წლით გადადო.
ამჟამად მალიში 1300-მდე გერმანელი ჯარისკაცია ბაზირებული. მათი უმრავლესობა გაეროს MINUSMA-ს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობს.
ცოტა ხნის წინ მალიში საერთაშორისო ანტიტერორისტული მისია დატოვა საფრანგეთმა.
პარიზმა გადაწყვეტილების მიზეზად სამხედრო ხუნტის მიერ მისიისთვის „ხელისშემშლელი“ ქმედებები დაასახელა.
რუსული გასამხედროებული დაჯგუფება ვაგნერი დასავლური მედიის ყურადღების ქვეშ პირველად 2014 წელს მოექცა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთან ერთად იბრძოდა.
შემდგომში დაჯგუფება სირიაში, სუდანში, მოზამბიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედებდა.
დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი ვაგნერის მებრძოლებს აქტიურად იყენებს დონბასის განახლებული იერიშისთვის.